ლიტერატურა

10 წიგნი თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალიდან

"საბა"

დეკემბერი 24, 2019

მკითხველებს გვჯერა, რომ წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია.  ახლა, როცა ყველანი საახალწლო საჩუქრებს ვარჩევთ ძალიან კომფორტულია ერთ სივრცეში ახალი წიგნების, კარგი ფასდაკლებების, საინტერესო შეხვედრებისა და პრეზენტაციების ხილვა. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია უკვე მერამდენე წელია ამ შესაძლებლობას გვაძლევს და სწორედ მათი ორგანიზებით, 27-29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.


იმის მიუხედავად, რომ თბილისის წიგნის დღეების შემდეგ სულ რაღაც 1 თვე გავიდა, გამომცემლობებმა მაინც მოახერხეს ახალი გამოცემებით მკითხველების განებივრება.


გთავაზობთ 10 წიგნს, რომელიც საუკეთესო საახალწლო საჩუქარია.


თომას ვულფი „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“

შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ეს წიგნი ათეულში პირველ ადგილს იკავებს, ბევრი მკითხველი ელოდა შესაძლებლობას მშობლიურ ენაზე წაეკითხა ეს ეპოქალური რომანი.


ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის – თომას ვულფის რომანი „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ გვიამბობს ჩრდილოეთ კაროლინის პატარა ქალაქში მცხოვრები განტების ოჯახის ამბავს და აღწერს მთავარი გმირის, იუჯინ განტის ცხოვრებას დაბადებიდან 20 წლამდე. მწერალი განსაკუთრებულად მძაფრად და ემოციურად მოგვითხრობს მორცხვი, მდიდარი წარმოსახვის, გამორჩეული ბიჭის ცხოვრებას პატარა ქალაქში, მის განცდებსა და ტკივილებს, მარტოობასა და სწრაფვას, გაექცეს სინამდვილეს, საკუთარ ოჯახს და სადღაც შორს ჰპოვოს ბედნიერება.


გამომცემლობა არტანუჯი

მთარგმნელი: ნინო ქაჯაია

სეეს ნოტებოომი „რიტუალები“

„რიტუალები“ ცნობილი ნიდერლანდელი მწერლის, მთარგმნელისა და ჟურნალისტის, სეეს ნოტებოომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ნაწარმოებია. სახასიათო, პოეტური ტექსტით გამორჩეულმა რომანმა, რომელშიც მსუბუქ თხრობას ოსტატურად ერწყმის ღრმად ფილოსოფიური თემები, გამოქვეყნებიდან (1983 წ.) მალევე გაუთქვა სახელი ნოტებოომს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში და არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო მოუტანა მას. რომანი, როგორც ამას მისივე სათაური მიგვანიშნებს, ადამიანის ცხოვრებას მრავალი რიტუალისგან შემდგარ ერთ გრძელ ჯაჭვად წარმოგვიდგენს. მთავარი გმირი, ინი ვინტროპი, ამსტერდამის მკვიდრი ორმოციოდე წლის მარტოხელა, საყვარელი ცოლისგან მოულოდნელად მიტოვებული მამაკაცი, თვითმკვლელობას გადაწყვეტს, მაგრამ ეს ამბავი მისი ისტორიის არც დასაწყისია და არც დასასრული. ინის ცხოვრებაში სხვადასხვა დროს იჭრება ორი მამაკაცი, რომლებსაც, ერთი შეხედვით, სამყაროს დიდ ქაოსში საკუთარი წესრიგისთვის მიუგნიათ. მათი ცხოვრების წესი, ფილოსოფია და სიკერპე ინი ვინტროპის გულში ღრმა კვალს ტოვებს და ერთგვარ გზის მანიშნებლად იქცევა მისი მომქანცველი ყოფის განმეორებადი რიტუალების ლაბირინთში.


სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი: ანა კორძაია სამადაშვილი

ეკა ქევანიშვილი „არაფერი დედაჩემის შესახებ“

ეკა ქევანიშვილის ლექსებს უამრავი მკითხველი იცნობს, “არაფერი დედაჩემის შესახებ” კი მისი პირველი პროზაული კრებულია - უმძაფრესი, მწვავე, მკვეთრი მოთხრობები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაზე დაუნდობელ სიმართლეს ჰყვებიან. სიმართლე ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია და ეკას მოთხრობების პერსონაჟები იშვიათად არიან ბედნიერები, ხშირად საბედისწერო შეცდომებსაც უშვებენ და ალბათ სწორედ ეს შეცდომები, მათი ძნელი ყოველდღიურობაა ის, რაც მათ მკითხველის გულის გზას აპოვნინებს, რადგან ჩვენი ყოველდღიურობაც ასეთია - ძნელი, მძიმე და უთანასწორო.


გამომცემლობა წიგნები ბათუმში

ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო „ალმა“

ნობელის პრემიის ლაურეატი ფრანგი მწერლის ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს „ალმა“ მოგვითხრობს ძიების ვნებით შეპყრობილი ერთი გვარის მატარებელი ორი კაცის ამბავს: ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება წინაპრების კვალის საძებნელად და გადაშენებული ფრინველის, დოდოს შესახებ უფრო მეტის შესატყობად; დომინიკ ფელსენი, მეტსახელად „დოდო“ კი, მავრიკელი მაწანწალა, პარიზში მიდის. მისი მიზანიც დაკარგული ნაწილის ძიებაა, წინაპრების ქვეყანაში აჩრდილებთან შეხვედრა და მათგან რაღაც ისეთის შეტყობა, რაც სხვაგვარ შუქში დაანახებდა ამ სამყაროში საკუთარ არსებობას.


გამომცემლობა დიოგენე

ფრანგულიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

ნესტან ნენე კვინიკაძე “38 44”

„38, 44“ ქვეყნის უახლესი ისტორიის არაორდინარული შეჯამებაა, დრამატიზმით, იუმორით, ტრავმებითა და გაუხარჯავი ენერგიით დამუხტული წიგნი, სადაც ცოცხლებიც და მკვდრებიც საკუთარ თავს ეძებენ.


წიგნი ერთგვარი ლიტერატურული თამაშია, რომლის სიუჟეტიც 1990-იანების მიწურულს და 2000-იანების დასაწყისის თბილისში ვითარდება. სიუჟეტური ხაზი ორი პერსონაჟის ლექსოს და მაიას ირგვლივ ვითარდება.  ლექსო კინომცოდნეობას სწავლობს, მაია – სტომატოლოგიას; ლექსო „დისიდენტობანას“ თამაშობს, მაია – მკვდრების ისტორიებს თხზავს.


მაია ლექსოს თამაშში აღმოჩნდება. ერთმანეთის პარალელურად ვითარდება ორი ხაზი – რეალური, სადაც სტუდენტები სწავლობენ, თამბაქოს გამონაბოლქვში ფილმებს უყურებენ, ერთმანეთის სხეულებს შეიცნობენ, სექსუალობას იკვლევენ, და მეორე – „დისიდენტობანას“ თამაში: პროკლამაციების გავრცელების გეგმა, ადევნებები, ჩხრეკა, დაჭერები...


გამომცემლობა ინტელექტი

პოლ ოსტერი „4 3 2 1“

„4321“ პოლ ოსტერის უკანასკნელი, ყველაზე დიდტანიანი რომანია, რომელზე მუშაობასაც მწერალმა სამი წელი, კვირის ყოველი დღე მოანდომა. მრავალი ავტორიტეტული გამოცემის აზრით, ეს პოლ ოსტერის საუკეთესო ნაწარმოებია, მთელი მისი შემოქმედების შეჯამება, ყველაფრის თავმოყრა, რაც მწერალმა მანამდე შექმნა.


რთული სათქმელია, მაინც რაზეა ეს ალუზიებით, რემინისცენციებით, მეტაფორებით, ალეგორიებით, ისტორიული ფაქტებითა და ფსევდოისტორიით, სინამდვილითა და გამონაგონით, ავტობიოგრაფიული ელემენტებით, მღელვარე სამოციანი წლებითა და ნიუ-იორკით სავსე წიგნი. „4321“ საშუალო კლასის ებრაელი ბიჭის, ფერგიუსონის ცხოვრების ამბავს მოგვითხრობს, უფრო სწორად - ოთხ შესაძლო ამბავს, ოთხ გზას, პერსონაჟის ოთხგვარ განვითარებას განსხვავებულ სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ კონტექსტში. მკითხველის თვალწინ ფაზლის ნაჭრებივით ლაგდება, ერთი მხრივ, ამერიკული ყოველდღიური ყოფა, ებრაული ოჯახების ცხოვრება, კავშირები, წარმატებისკენ სწრაფვა; შემოქმედი, წერის სურვილით ატანილი ახალგაზრდა ფერგიუსონების სიყვარული, შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლები და, მეორე მხრივ, ამერიკის ისტორიის მღელვარე წლები მარტინ ლუთერ კინგითა და მალკოლმ იქსით, ვიეტნამის ომით, კენედის მკვლელობით, პროტესტის უმძლავრესი ტალღებით, კითხვის ნიშნით - არსებობს თუ არა ამერიკული დემოკრატია; და, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკით, რომელსაც ძალიან ჰგავს ეს დიდი და ხმაურიანი წიგნი - ამ რომანის კითხვისას მთავარი სირთულე მისი გავლენისგან თავის დაღწევაა. 


გამომცემლობა წიგნები ბათუმში

მთარგმნელი: ელისო ფანცხავა

კახა თოლორდავა „გაუზავებლად“

ეს წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადამიანებისთვის, ვისაც მუსიკა ძალიან უყვარს. და თუ ასეთი ადამიანი ხართ, თქვენთვის არც კახა თოლორდავას სახელი და გვარი იქნება უცნობი. ავტორს საოცარი უნარი აქვს ისაუბროს მუსიკაზე ისე, რომ გვგქონდეს აღქმა თითქოს ვუსმენთ მას.


წიგნი 31 მუსიკოსზე მოგვითხრობს და ის ერთგვარი მასტერკლასების კრებულია. ავტორი მოგვითხრობს მათ გზაზე, სირთულეებზე, მათ დამოკიდებულებაზე არამხოლოდ მუსიკის, არამედ ცხოვრების მიმართაც.


სულაკაურის გამომცემლობა

თომას ვულფი „შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“

თავისი ოჯახისა და ქალაქის შესახებ დაწერილი წარმატებული რომანის ავტორი ჯორჯ ვებერი მშობლიურ გარემოს უბრუნდება, სადაც მას გაბრაზებული და სიძულვილით აღვსილი ის პერსონაჟები ელოდებიან, რომლებიც შეულამაზებლად გააცნო მკითხველს. ლიბია-ჰილის მცხოვრებლები მუქარის წერილებს უგზავნიან პოპულარულ თანაქალაქელს და სიკვდილითაც ემუქრებიან.


„შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“ თომას ვულფის უკანასკნელი რომანია, რომელიც მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 1940 წელს გამოიცა. როგორც სხვა ნაწარმოებებში, ვულფი აქაც მეოცე საუკუნის 20-30-იან ამერიკულ საზოგადოებაზე მოგვითხრობს – „დიდი დეპრესიისა“ და ფაშიზმის მოსალოდნელი საფრთხის პირობებში მყოფი ადამიანის ამბავს, რომელიც საკუთარი თავის ძიების სურვილს ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ ლონდონში, ბოლოს კი ბერლინში მიჰყავს...


გამომცემლობა არტანუჯი

მთარგმნელი: თაკო ჭილაძე

მაია ცირამუა „მშვიდობით, ძია გერშვინ“

მშვიდობით, ძია გერშვინ!" - ძველ ზარდახშაში ნაპოვნი ხელნაწერია. საოცრად ემოციური და გულწრფელი ნაწარმოები ხანში შესული მამაკაცის გარშემო ტრიალებს, რომელიც, მისგან დამოუკიდებლად, ცხოვრების ახალ აზრსა და სიყვარულს პოულობს. აკრძალული ურთიერთობა სევდიანი, თითქმის მიუწვდომელი, თუმცა მაცდური, გიჟური და მაცოცხლებელია. რას დათმობს ადამიანი სანუკვარი სურვილების ასასრულებლად? რას გაიღებს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ემოციები ისე გაუცხოველდეს, თითქოს არც არასდროს გაზრდილა, თითქოს უწინდელივით სიცოცხლით სავსე და ენერგიულია? რომანის მთავარი პერსონაჟი მზადაა, ყველაფრი დათმოს, რათა გააბედნიეროს ის, ვინც მისთვის ყველაზე ძვირფასია.


გამომცემლობა წიგნები ბათუმში

მურასაკი შიკიბუ „ამბავი უფლისულ გენჯისა“

ყველა ქვეყნის ისტორიაში არის გარდამტეხი პერიოდები. იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ასეთი პერიოდი VIII-XI საუკუნეებს მოიცავს. ეს ის დროა, როცა ქვეყანა ჩინეთის გავლენისგან თავისუფლდება; როცა იწყება ახალი, ჰეიანური ეპოქა. სწორედ XI საუკუნეში ცხოვრობდა იმპერატორის კარის სეფექალი, უძველესი გვარის, ფუჯივარას წარმომადგენელი მურასაკი შიკიბუ, რომლის მიერ შექმნილმა ნაწარმოებმა „ამბავი უფლისწული გენჯისა“ საუკუნეებს გაუძლო.

 

იაპონიის სამეფო კარის ცხოვრების დახვეწილი პორტრეტი, რომელიც XI საუკუნეში შეიქმნა, მსოფლიოში ცნობილია, როგორც პირველი რომანი. მკითხველის თვალწინ იშლება ჰეიანელი არისტოკრატიის ყოველდღიური ცხოვრების სურათები. მკაფიოდ დახატული პერსონაჟები, ეროტიკული კოლორიტი, მძაფრი გრძნობები და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა არც თანამედროვე მკითხველს დატოვებს გულგრილს.


სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი