თიბისელები

“სტარტაპ დეკრეტის” ფინალისტები

სექტემბერი 27, 2019

სექტემბრის თვეში შვილის მოლოდინში 30 თიბისელი უკვე გავიდა დეკრეტში. თუმცა, მათ რიცხვს სულ მალე, ყველაზე წარმატებული ბიზნესიდეების “მშობლებიც” დაემატებიან.


თიბისის ახალ პროექტს – “სტარტაპ დეკრეტს” გუნდში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჟიურიმ ათობით საინტერესო იდეაც მოისმინა. მათგან 4 საუკეთესო უკვე ფინალშია და კუთვნილი, ანაზღაურებადი დეკრეტის მოპოვებას ცდილობს.


თიბისის მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ამიტომ, იდეებით სავსე თანამშრომლებს დრო და სივრცე მისცა – მოსინჯონ საკუთარი ძალები სტარტაპში, შემდეგ კი თავად გადაწყვიტონ - მთელი ენერგია ახალ და რთულ საქმეს მოახმარონ თუ თიბისიში დაბრუნდნენ. 


დეკრეტულ შვებულებას თიბისი სრულად აანაზღაურებს და თანამშრომლებს ჩანაფიქრის ჯერ სტარტაპად, შემდეგ კი ბიზნესად ქცევაში დაეხმარება.

პაატა ბერიაშვილი

პაატა ბერიაშვილი – საკრედიტო ბიზნესის განვითარების ლიგა, სერვის ექსპერტი


სტარტაპი – Ge Parts


“როდესაც პროექტის შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ საკუთარი საქმის განვითარებისათვის ასეთი შანსი არც მანმადე მქონია და არც არასოდეს მექნებოდა.

“სტარტაპ დეკრეტამდე” უკვე მქონდა ბიზნესიდეა, რომელიც განვითარების პროცესში იყო და ზუსტად ამ დროს წამომეწია იდეალური შემოთავაზება თიბისისგან.

ჩვენი გუნდის სტარტაპი ადგილობრივ ბაზარზე ახალი ავტონაწილების ერთიანი პლატფორმის შექმნას გულისხმობს, ანუ იმ მცირე ბიზნესებისა და პროფილური მაღაზიების გაერთიანებას, რომლებიც ბაზარზე არსებობს. მომხმარებელი ჩვენთან ძალიან სწრაფად და მარტივად შეძლებს მისთვის საჭირო მანქანის ნაწილის პოვნას.


“სტარტაპ დეკრეტის” ანკეტის შევსებაც კი საკმაოდ რთული პროცესი იყო, მაგრამ დიდი სიხარულია, როდესაც შენი დახარჯული ენერგია და მონდომება ფასდება, კომპანიის მთავარი პირი გირეკავს და გატყობინებს, რომ შენი იდეა ფინალშია. საკუთარი შვილი არ მყავს, ამიტომ შვილივით გავზრდი ჩემს სტარტაპს.”

რევაზ ზარნაძე და ლუკა ლატარია

რევაზ ზარნაძე - სწრაფი სესხების სერვის ექსპერტი, გუნდის კაპიტანი

ლუკა ლატარია - ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერების ასოცირებული პარტნიორი


სტარტაპი – Open Doors


“სტარტაპ დეკრეტამდე ჩვენს სახელზე რამდენიმე განუხორციელებლი ბიზნესიდეა იყო. ამ იდეების ბოლომდე მისაყვანად ადამიანური და დროის რესურსი არ გვყოფნიდა, ცოტა ხნის წინ კი გაჩნდა შესაძლებლობა, ჩვენი ჩანაფიქრი რეალურ ბიზნესად გვექცია. იდეა ერთი შეხედვით მარტივია – ელექტრონული კარის საკეტის მობილური აპლიკაციით გაღება. ჩვენი თანამშრომელი ბინას ტურისტებზე აქირავებს. ვხედავდით, როგორ წვალობდა – ერთხელ, დღის განმავლობაში 4-ჯერ მოუწია სამსახურიდან გასვლა სტუმრებისათვის კარის გასაღებად. სწორედ ასეთი ყოველდღიური სიტუაციებიდან გაჩნდა იდეა. მოგვინდა სხვა ადამიანებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც კომფორტი შეგვექმნა.


მომხმარებელს შეეძლება კარზე ზარის თუ კაკუნის შემთხვევაში მარტივად, ტელეფონის ღილაკზე თითის დაჭერით გააღოს კარი. ჩვენი სტარტაპი სრულ სერვისს გულისხმობს – გაჯეტის დაყენებას, რომელიც კარს გააღებს და ასევე აპლიკაციას, რომელსაც ჩამოწერთ და ამ გაჯეტს დაუკავშირებთ. სურვილის შემთხვევაში, ოჯახის რამდენიმე წევრს ექნება ფუნქციით სარგებლობის უფლება. რაც მთავარია, კარი ნებისმიერი მანძილიდან. ერთი ქალაქიდან მეორეშიც კი გაიღება. მოთხოვნის შემთხვევაში, გაჯეტზე ბლუთუზ მოწყობილობაც ყენდება, რომლის დახმარებითაც კონკრეტულ მანძილზე მიახლოებისას და სიგნალის მიღებისას კარი ავტომატურად გაიღება.”

 

თორნიკე ყიფიანი

თორნიკე ყიფიანი - გარე გაყიდვების ქსელის განვითარების მენეჯერი


სტარტაპი - ინვენტორი


“ჩვენი გუნდის სტარტაპის იდეაა მომხმარებლებს მეორადი ავტონაწილების მოძიებისა და შეძენის პროცესი გავუმარტივოთ. იდეა პირადი გამოცდილებიდან წამოვიდა. მოგვინდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მძღოლებს ამ დამღლელ პროცესს თავიდან აარიდებდა. საქართველოს მასშტაბით დაშლილების ყველა პუნქტი მოვიარეთ, 2100 მომწოდებელი შევკრიბეთ და შევქმენით ბაზა. პლატფორმაზე შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, მომხმარებელს იმ მომწოდებელთან ვაკავშირებთ, რომლებსაც ეს კონკრეტული ნაწილი აქვთ. ამის შემდეგ, შეკვეთა ჩვენს კურიერს მიაქვს ადგილზე და ოფიციალური გარანტიაც ფორმდება.


ჩემი შესვენება სტარტაპთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ხმარდება. სამუშაო საათებშიც მიწევს ხოლმე გასვლა.

“სტარტაპ დეკრეტი” თიბისის მხრიდან მხარდაჭერასთან და ხელშეწყობასთან ერთად, პირველ რიგში დროის რესურსის გამოთავისუფლებაა.

"რამდენიმე თვეა ჩვენი პლატფორმა ჩაეშვა. ყოველ ნაბიჯზე ვფიქრობდი, რომ გავიჭედებოდით, მაგრამ საკუთარ თავს მუდმივად ვუმეორებდი, რომ წინ უნდა წავსულიყავით. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით აქამდე და ვაპირებ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო.”

თორნიკე კაჭკაჭიშვილი

თორნიკე კაჭკაჭიშვილი - ბიზნეს მობაილბანკის ჯგუფის ციფრული სერვის ექსპერტი


სტარტაპი - სოკო


“ჩემი ძმის ქორწილისთვის სხვადასხვა პლატფორმაზე მოგვიწია საჭირო ადამიანებისა და სერვისების ძებნა. ბენდის მოძებან და შერჩევა დროში ისე გაგვეწელა, რომ დათქმული თარიღის შეცვლა მოგვიხდა. სწორედ ამ დროს გამიჩნდა იდეა, შემექმნა სივრცე, სადაც მომხმარებლებს იმ ადამიანებთან დავაკავშირებდი, რომლებსაც წვეულების მოსაწყობად საჭირო სერვისი და რესურსი გააჩნიათ. ასეთ დროს სხვადასხვა საიტზე, პლატფორმაზე თუ ფეისბუქ ჯგუფში უნდა ეძებო ფართი, ფოტო და ვიდეო გადაღება, მუსიკალური გაფორმება. მე არ ვთავაზობ მომხარებელს სერვისს, უბრალოდ მინდა ამ ხალხს ერთ პლატფრომაზე მოვუყარო თავი და ერთმანეთთან დავაკავშირო დამკვეთი და სერვისის მომწოდებელი.


სისტემაში გაერთიანება მომწოდებლებისათვის ფასიანი იქნება, რომლის ფარგლებშიც საკუთარი პროდუქციისა თუ სერვისის პორტფოლიოს განთავსება შეეძლებათ. პლატფორმა მომხმარებელს უჩვენებს, თუ ვინ როდისაა თავისუფალი და მათ დაჯავშნის საშუალებასაც მისცემს. იმოქმედებს შეფასებების სისტემაც.

“სტარტაპ დეკრეტი” იმის გამოხატულებაა, რომ კომპანია პატივს სცემს ჩემს პირად განვითარებას და ჩემში დიდ რესურსს დებს. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, რომ საუკეთსო დამსაქმებელი მყავს.”

ავტორი: მარიამ ყანჩაველი