კულტურა ლიტერატურა სიახლეები

„საბკულტურა“ - მეტი მკითხველი უკეთესი გარემოს შესაქმნელად

saba.com.ge

ივლისი 22, 2019

თიბისის ინიციატივა, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, 2012 წლიდან არსებობს და მას დღეს 190 000-მდე დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.



„საბა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანიც დაარსების დღიდან ქართულ სივრცეში ტექნოლოგიური სიახლის, ელექტრონული წიგნის შემოტანა იყო, რაც დასავლეთში დიდი ხნით ადრე დამკვიდრდა და რამაც ადამიანები კიდევ უფრო დააახლოვა წიგნებთან, მათთვის უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახადა როგორც ტექსტებთან წვდომა, ასევე წიგნის კითხვის, შენახვისა თუ ტრანსპორტირების პროცესი.

Android და IOS მოწყობილობებზე მორგებულ „საბას“ აპლიკაციას Saba Reader მალევე გაუჩნდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ერთგული მკითხველი, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. ლიტერატურული პროცესის კვალდაკვალ ფართოვდება „საბას“ ბიბლიოთეკაც, სადაც დღეისათვის ხმოვან წიგნებთან, პოდკასტებთან და რადიო გადაცემებთან ერთად 6000-მდე წიგნია.

„საბასთვის“ წლევანდელი წელი გარდამტეხ ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ - უკვე ერთგვარ ლიტერატურულ მოძრაობად ქცეული „საბა“, რომელიც აქამდე ლიტერატურულ პრემიას, ელექტრონული წიგნებსა და წამკითხველ აპლიკაციას აერთიანებდა, მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ, უფრო მასშტაბურ პლატფორმას სთავაზობს, რომელსაც სახელად „საბკულტურა“ შეურჩიეს. ეს არის „საბას“ და „ლივინგსტონის“ ერთობლივი პროექტი, სადაც წიგნებზე და წიგნებიდან მიღებული ცოდნის გარშემო საუბარი მარტივდება როგორც ციფრულ, ასევე რეალურ სივრცეში. პროექტის მთავარი მიზანი სწორედ მკითხველებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა და კითხვისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა, ამ მიმართულებით პირველი სიახლე კი განახლებული Saba Reader-ია.

„განახლებული Saba Reader-ი ტექნიკურად და კონცეპტუალურად გაუმჯობესებულია. ელექტრონული წიგნის შეძენისა და მოხმარების სტანდარტი სრულიად ახალ საფეხურზეა. დღეისათვის გთავაზობთ განახლებულ Android და IOS მოწყობილობზე მორგებული აპლიკაციას, რომლის მიზანიც, პირველ რიგში, მკითხველის მაქსიმალურ კომფორტზე ზრუნვაა.

ადრე თუ თითოეულ წიგნს ვყიდულობდით, ახლა ერთთვიანი, ორთთვიანი, თუ ერთწლიანი გამოწერის შემთხვევაში იხდით სიმბოლურ თანხას და ამ ხნის განმავლობაში წვდომა გაქვთ 6 000-მდე წიგნზე - „საბას“ სრულ კატალოგზე.“ -ამბობს „საბას“ დამფუძნებელი, პოეტი რატი ამაღლობელი.

მხატვრული ლიტერატურა, პუბლიცისტიკა, ლექციები, პოდკასტები, რადიო-გადაცემები, დისკუსიები, წაკითხულ წიგნებზე შთაბეჭდილების გაზიარება, ინტერაქცია, დისკუსიის პროცესში ავტორების ჩართულობა - „საბკულტურის“ ერთ-ერთი მამოძრავებელი იდეაა.

„საბკულტურის“ იდეის ავტორები ამბობენ, რომ სულ მალე პროცესი ვირტუალურ პლატფორმას გასცდება და რეალურ სივრცეებსაც მოიცავს: „Saba Reader”-ით დაწყებული ურთიერთობა აუდიტორიებში, კაფეებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადაინაცვლებს და დისკუსიებით, ლექციებითა თუ სხვა კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდება. 

„ჩვენ შევქმენით კიდევ უფრო კომფორტული სივრცე მათთვის, ვისაც სჯერა, რომ კითხვაში დახარჯული ყოველი წუთი გარკვეულწილად აისახება ჩვენს ქმედებებზე, ჩვენი ქმედებები კი გავლენას ახდენს არსებულ გარემოზე - მკითხველები ერთიანდებიან უკეთესი გარემოსთვის. „საბკულტურის“ მიზანია მკითხველთა წრის გაფართოვება დისკუსიებით, შთაბეჭდილებების გაზიარებითა და სხვადასხვა აქტივობებით,“ - ამბობს „საბას“ დირექტორი, ირინა ჯავახაძე.

„კითხვა, როგორც სოციალური აქტი“, შეიძლება ითქვას, ახალი პლატფრომის ახალი სლოგანია. „საბკულტურა“ უკვე აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ მკითხველთა რიცხვის ზრდა უკეთესი გარემოს შესაქმნელად ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა და ვიდრე „საბკულტურის“ წარმომადგენლები რეალური ცვლილებების დასაწყებად რეალურ სივრცეებს მოიცავენ, გირჩევთ, თქვენც ჩამოტვირთოთ განახლებული აპლიკაცია, შეუერთდეთ „საბას“ მკითხველთა ჯგუფს, გააქტიურდეთ და გახსოვდეთ, რომ ყოველი წაკითხული წიგნი უკეთესი მომავლისკენ გადადგმული კიდევ ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

saba.com.ge