ლიტერატურა სიახლეები

"საბა 2019", გამარჯვებულები

"საბა"

დეკემბერი 07, 2019


კიდევ ერთი "საბა" და პრემიის ლაურეატთა ახალი ჩამონათვალი, სია, სახელები, რომელთაც უკვე დაიმკვიდრეს ადგილი "საბასა" და ქართული ლიტერატურის ისტორიაში.


წელს პრემიის დაჯილდოება ცოტა გვიან ჩატარდა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა მოლოდინი და თან, წინასაახალწლო მზადება ახალი ფერებიც შეამკო. ხუმრობა ხომ არაა, ამ ახალ წელს ძვირფას ადამიანებს სულ ახლახანს გამარჯვებული წიგნები შეგვიძლია ვაჩუქოთ.

მაინც როგორი იყო წლევანდელი "საბა", ვინ აირჩია ჟიურიმ და გამართლდა თუ არა მკითხველთა მოლოდინი?

დავიწყოთ თავიდან:


წლის საუკეთესო რომანი

წელს ჟიური ისეთი რთული არჩევანის წინაშე იდგა, როგორც არასდროს, სამი სრულიად განსხვავებული და ძალიან საინტერესო რომანიდან, ჟიურიმ, რომელიც ხათუნა ცხადაძის, გიორგი კეკელიძის, ზაალ ანდრონიკაშვილის, თეა თოფურიას და რუსუდან რუხაძისგან  შედგებოდა, აკა მორჩილაძის "კუბიდონი კრემლის კედელთან" ამოარჩია.

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ჟანრული თუ ენობრივი თვალსაზრისით მრავალფეროვანი მოკლე სიიდან, ზაალ სამადაშვილის "ოსტატთან შეხვედრა" შეირჩა, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელწერის ავტორი უკვე "საბას" ლაურეატია.

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

წლის საუკეთესო პოეტურ კრებულად ზაზა ბიბილაშვილის "ფაზლი" დასახელდა, პოეზიის მკითხველი დედამიწის ზურგზე ყველაზე სუბიექტური და ემოციური მკითხველია, ამიტომაც ალბათ ყველაზე მეტი განხილვა ამ ნომინაციას მოჰყვება.

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, ყველაზე ნაყოფიერი, წიგნუხვი და დატვირთული ნომინაციაა, არჩევანი, როგორც ყოველთვის, წელსაც რთული იყო, შედეგად, ჟიურიმ სულხან სალაძის "უცნობი ძველი აჭარა" შეარჩია.

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

თინა მამულაშვილი

ალბათ, დამეთანხმებით, რომ წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაციაა, დებიუტანტი ავტორების გამოვლენა ქართული ლიტერატურის ხვალინდელ დღესაც განაპირობებს, ხშირად, სწორედ დებიუტის ნომინაციაში წარმოდგენილი ავტორები გვევლინებიან მომდევნო წლის ლიტერატურული ნომინაციების ჩამონათვალში. წელს ჟიურიმ თემურ ბაბლიანის "მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება" გამოარჩია და წლის საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტად დაასახელა.

წლის საუკეთესო პიესა

საინტერესო იყო წლის დრამატურგიული მოსავალიც, სადაც წლის საუკეთესო პიესად ალექსანდრე ლორთქიფანიძის "დისტოპიესებმა" გაიმარჯვა.

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი

წლის საუკეთესო ქართული თარგმანის სრულიად წარმოუდგენელ და ვარსკვლავურ ნომინაციაში, სადაც ერთმანეთს ქართული მთარგმნელობითი სკოლის არაერთი გამორჩეული სახელი უწევდა კონკურენციას, გამარჯვებული ორი მთარგმნელი გახდა - ნანა ტონია - ევრიპიდეს "ჰეკაბესთვის", ხოლო ლელა დუმბაძე ვირჯინია ვულფის "ორლანდო"-სთვის. აღნიშნული ნომინაცია არცერთ წელს ღალატობს მკითხველის მოლოდინს და დიდი სიხარულითა და სიამაყით გვავსებს, რომ ქართული ენის განუზომელ შესაძლებლობებსა და მთარგმნელთა ოსტატობას მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ტექსტების ქართულად ახმიანება შეუძლია.

ჯილდო ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

რაც შეეხება დაჯილდოების კულმინაციას, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ლიტერატურული პრემია "საბა" მსფოლიო ლიტერატურული შედევრების მთარგმნელს - მანანა გიგინეიშვილს გადაეცა, რითაც აღინიშნა მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედება.

წელს საბას ჟიურიმ ვერ გამოავლინა შორთლისტი წლის საუკეთესო კრიტიკაში, და ამ ნომინაციისთცის განსაზღვრული ჯილდო, ასევე ჟიურის გადაწყვეტილებით, გადანაწილდა ორ სხვადასხვა ნომინაციაზე - დაჯილდოვდნენ - ნომინაციაში ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ნინო ლომაძის "ვაშლის ბაღები" და ლიტერატურულ დებიუტში - გიორგი მასხარაშვილი "14 კრისტალის თეორია".

დაჯილდოებისთვის შექმნილი ვიდეო შთაგონებისთვის:

დაჯილდოების პირდაპირი ტრანსლაციის ბმული - SABA/FACEBOOK