ლიტერატურა კულტურა

„რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა“

saba.com.ge

ივნისი 26, 2019

ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ამ ბოლო დღეებში, ახალგაზრდების გულანთებულ აქციებზე, სოციალურ ქსელებში, მიმართვებსა თუ ტელესიუჟეტებში ბევრგან შეგხვდებოდათ ეს სლოგანი. დიახ, ასეა, ომი დიდი ხანია გრძელდება და თავის მეტასტაზებს სულ სხვადასხვაგვარად გამოაჩენს ხოლმე, ხან - საზღვრისპირა სოფლებიდან ადამიანების მიტაცებით, ხან აგრესიული, იმპერიალისტური განცხადებებით, ხანაც ქართულ პარლამენტში დუმის დეპუტატის მისალმებით...

9 აპრილის დემონსტრაცია

რა, თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ეს ამბავი გუშინ არ დაწყებულა, არც ერთი საუკუნის წინ დაწყებულა, გაცილებით ადრე დაიწყო.


როგორ ასახა ქართულმა ლიტერატურამ ეს ორასზე მეტწლიანი ბატონობა? როგორ შეებრძოლა, როგორ გააპროტესტა? მეფის რუსეთი, საბჭოთა კავშირი და დღეს, დამოუკიდებელი პატარა ქვეყნის წინააღმდეგ, ათასნაირი პირდაპირი თუ ირიბი მეთოდით მებრძოლი უზარმაზარი ქვეყანა. რას გვიამბობს ამის შესახებ ქართული ლიტერატურა?

1.    პირველი, ვინც გვახსენდება, რა თქმა უნდა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, „ბედი ქართლისა“ და სოლომონ ლიონიძეა. სამწუხაროდ, მისი ღაღადი და თავისუფლების შენარჩუნების სურვილი უშედეგოა, თუმცა ის, როგორც ნამდვილი პატრიოტი ალბათ, თავის მხრივ 1904 და 1932 წლების აჯანყებების სულისკვეთებასაც გამოხატავს, რომელთა დამარცხებით მეფის რუსეთმა თავისუფლების ის მცირე ნაპერწკალიც ჩააქრო, რომელიც გარუსებული ჩინიანებით სავსე მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში ბჟუტავდა.

„ჯერ სამაგისო რა გვემართება,

რომ განვისყიდოთ თავისუფლება?

იცი, მეფეო, რომე ივერნი

იქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?

სახელმწიფოსა სჯულის ერთობა

არარას არგებს, ოდეს თვისება

ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს.

ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდეს

რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი:

ვით შეითვისოს რუსმა ქართველი,

ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა,

რაც მოისურვოს ქართველობამა?“

ჯვარის ჩამოგდება ეკლესიიდან, ქუთაისი, 1923-24 წლები

2.    ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ და მისი პერსონაჟი რუსის ოფიცერი ძალიან კარგად გამოხატავს ილიას დამოკიდებულებას დამპყრობელთან.

თუმცა, ერთი საინტერესო პასაჟი მოთხრობაში მანამდე ჩნდება, სანამ ოფიცერს გავიცნობთ. აქ ილიას ფრანგი მგზავრი ეუბნება, რომ თუ ქართველს თავისი მიზნის მიღწევა უნდა, არავითან შემთხვევაში არ უნდა ჩაჯდეს რუსის პოვოზკაში.

„როცა ავიბარგე, ესე იგი ჩემი ერთადერთი ბოხჩის ოდენა ტყავის ხურჯინი ჩავაგდე პოვოსკაში, მივუბრუნდი ჩემს ახლად გაცნობილს ფრანსიელს გამოსასალმებლად.


- ეგ ეტლი ვისი მოგონილია? - მკითხა მან და მიმიშვირა ხელი ფოშტის პოვოსკაზედ, რომელზედაც ჯერ არგამოფხიზლებული „იამშჩიკი“ უგემურად სთვლემდა.


- რუსისა, - ვუპასუხე მე.


- მგონი, არა ხალხი მაგაში არ შეეცილოს. მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულ-მუცელი.


- არა უშავს-რა. მთელი რუსეთი მაგით დადის და მე რა ღმერთი გამიწყრება, რომ დამიშავდეს რამე.


- მაგით დადის?! იმიტომაც შორს არის წასული!.. ღმერთმა მშვიდობის მგზავრობა მოგცეთ. მე კი, სწრედ გითხრათ, თავს ვერ გამოვიმეტებდი, რომ მაგაში ჩავმჯდარიყავ. მშვიდობით! თუ შევხვდეთ ერთმანეთს კიდევ როდისმე, გთხოვთ მიცნობდეთ.“


ილია ჭავჭავაძე

3.   ილია და „მწირი“

კიდევ უფრო საინტერესო და მკაფიო გზავნილს გვიზიარებს ილია ჭავჭავაძე მის მიერ ნათარგმნ ლერმონტოვის „მწირში“. ილიამ თარგმნისას ფინალი შეცვალა.

რუსული „მწირი“ ასე მთავრდება:



«И божья благодать сошла

На Грузию! Она цвела

С тех пор в тени своих садов,

Не опясаяся врягов,

За гранью дружеских штыков»


ქართული თარგმანის უკანასკნელი სტრიქონები კი ასეთია:



„მას აქეთ, რაცა კურთხევა ღვთისა

მიეცა ტანჯულს ივერიის ერს,

რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა –

ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს“.


ეს არ იყო „პოეტური თავხედობა“. ეს იყო ქართული სამეფო კარის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკის უარყოფაც, რუსეთის იმედის გაცრუების აღიარებაც და XIX საუკუნეში შექმნილი ვითარების შეფასებაც," - წერს აკაკი ბაქრაძე.

საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ 1921 წ

4.   უბედური რუსი


თამარ მეფის პირველი ქმარი, იური რუსი, თუმცა ისტორიულად ჯერ კიდევ არ გამოხატავდა დამპყრობლის სახეს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია შალვა დადიანისთვის, რომ 1918 წლის რესპუბლიკის დამმხობელი წითელი ძალის მიმართ თავისი ბრაზი გამოეხატა.

„...უნაზესი რაცა

აქვს ადამიანს: სულის სარკე, თვალები, მღვრიე აქვს და ბინდგადაკრული... მის

თვალებში მე გონება ვერ ამოვიკითხე და სული წმინდა და სპეტაკი ვერა

ვპოვე... საშვილიშვილო შეცდომა არ მოგვივიდეს!..”

– ასე აღწერს ის თამარ მეფის საქმროს თავის რომანში “უბედური რუსი“.

გურამ დოჩანაშვილი

5.   ჯარისკაცი სტასიკი

ქართულ ლიტერატურაში დამყრობლის სახეს მრავალი ჰიპოსტაზი აქვს, თუმცა მათ შორის ყველაზე სასტიკი ალბათ ჯარისკაცი სტასიკია გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში „ორნი აქა-იქა“. სტასიკი 9 აპრილს ახალგაზრდების დასარბევად გამოგზავნილი ჯარისკაცია, რომელიც პატარა გოგონას კლავს.

„დოსტოევსკიც აღარ ახსოვდათ, თუმც ეგებ წაუკითხავ რასკოლნიკოვს უფრო გრძნობდა წყეული სტასიკი, რადგან ნაჯახზე არანაკლებ, უფრო მჭრელიც კი, ბარი რომ შემართა, გოგონა იდგა მის წინ წყნარი, და შიშით კი არა, გაოცებული შესცქეროდა მხოლოდ, და გამოზოგილი სიამოვნებით, ნელა შემართა სტასიკმა ხელი, ყვრიმალებდაბერილმა, კბილებში გამოსცრა: „ვოტ ტებე…“ და მთელი თავისი იმ არსებით მძლავრად, ღონივრად რომ დაიქნია კუთვნილი ბარი, თან დააყოლა: „ზა სტალინა…“


სტასიკის მამა „ზა სტალინაააა“-ს სულ სხვაგვარად ყვიროდა ხოლმე.

თავგაპობილი იწვა გოგონა, დაჩერებოდა ვალმოხდილი ჭაბუკი სტასიკ.

ეგონა, მოსპო.“

9 აპრილი ფოტო-გივი ნახუცრიშვილი. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

თანამედროვე ქართული ლიტერატურაც ძალიან ხშირად აღწერს დამპყრობელს, აგვისტოს ომს, ყოველდღიურ წინააღდეგობებს, რუსულ რბილ ძალას. თუმცა ამაზე სხვა სტატიაში ვილაპარაკოთ.

წყარო: saba.com.ge