კულტურა

ქალაქები „ნიკოს“ მოძრაობაში

ივლისი 22, 2019

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკომ“ 2019 წლის პირველი სეზონი დახურა.

„ჩემზე რომ იყოს, სულ ასე ვივლიდი ქალაქ-ქალაქ და ნიკოს ნახატებს დავტოვებდით

გზადაგზა“



მოძრაობა „ნიკომ“ თბილისის ქუჩების „ამოძრავება“ ფერებით - თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო. თავიდანვე, მის ინიციატორებს ამბიციური გეგმები ჰქონდათ: უსახური სივრცეებისთვის კულტურული ღირებულების შემატება, არტისტების გაერთიანება, მათთვის ხატვის და გამოხატვის ახალი პლატფორმის შექმნა. და, მთლიანობაში, საქართველოში ქალაქების გამოცოცხლება.

KUBA, თბილისი

უსახურ კედლებთან მაღალ კიბეზე, ან ამწეზე შემომდგარი მხატვრები ჯერ თბილისში გამოჩნდნენ სხვადასხვა ადგილას. შემდეგ, უკვე ნაცნობმა, სასიამოვნო ფერადი სიახლეების მომასწავებელმა ამწეებმა და კიბეებმა ნელ-ნელა რუსთავის, ქუთაისის, ფოთის, ბათუმის ქუჩებშიც გადაინაცვლეს.

დავით სამხარაძე, რუსთავი

ამ მოძრაობის შედეგი 2019 წლის ზაფხულისთვის ასეთია: „ნიკომ“ საქართველოში 27 დიდი მასშტაბის კედელი მოხატა. ისინი 5 სხვადასხვა ქალაქში, 22-მა არტისტმა შეასრულა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“ 2018 წლის სექტემბერში დაფუძნდა. 

GEORGE GAMEZ, თბილისი

გარდა იმისა, რომ ახლა უკვე საქართველოში, სხვადასხვაგან, 27-ით მეტი მხიარული და კარგი განწყობის შემქმნელი კუთხე გვაქვს, ტურისტებს თუ მაცხოვრებლებს კი ქუჩებში სელფების გადაღების მეტი შესაძლებლობა, აი კიდევ რისი მანიშნებელი შეიძლება ეს ციფრი იყოს: 



 „პირველი, რაც შეიცვალა, ისაა, რომ გამოჩნდა დიდი ნახატები, რომლებიც მანამდე არ იყო. ხალხმა გაიგო რომ სტრიტარტი არაა ვანდალიზმი, გაჩნდა ბევრი ადგილი სადაც ხალხი სპეციალურად ფოტოს გადასაღებად მიდის... უფრო და უფრო მეტი არტისტი გამოჩნდა, რომლებსაც სითამამე ეყოთ და ხატავენ, ბევრი არტისტი გვწერს უცხოეთიდან და გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს“, - გვიყვება სანდრო კვანტალიანი, მოძრაობის დამფუძნებელი


DANTE, თბილისი

2019 წლის ივნისში „ნიკომ“ წლის პირველი სეზონი საზეიმოდ დახურა. ეს ეტაპი დამწყები სტრიტ-არტისტების ნაწილმა თსუ-ს მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკის კედლების მოხატვით და ჰიპ-ჰოპ კონცერტით აღნიშნა, ნაწილმა - მურალის ხატვით (კელბერა, თორნიკე მელიქიძე (ჯოკონდა), მატასი სულაკაური, ოთო მიქაძე, სალი ნიკოლაიშვილი, კსიუშა ბრი, პაბლო). გამოუცდელ მხატვრებს კი „ნიკომ“ კედელზე ხატვის ვორქშოფიც ჩაუტარა.

Ksyu Brice, Giorgi Pablo Kalandarishvili, თბილისი

სალი ნიკოლაიშვილი, თბილისი

დავით კელბარაშვილი, თბილისი

თორნიკე მელიქიძე, რუსთავი

თუმცა, იქამდე იყო რამდენიმე თვე და რეგიონების ქუჩებში „ნიკოს“ მიერ გაცოცხლებული ახალი პერსონაჟები.


ყურადღბა, კითხვა: რა შეიძლება დახატოს ახალბედა მხატვარმა ფოთში, როცა მას 6 მეტრის სიმაღლის კედელს მისცემენ და ეტყვიან, კედელიც შენია, საღებავებიც, ახლა რაც გინდა ის მოიფიქრე და ქალაქს დაუტოვეო?

დიახ, თუ თქვენც „მედეა“ გაიფიქრეთ, ეს სწორი პასუხია.  


დავით სამხარაძე, ფოთი

„თემატიკას წინასწარ არ ვარჩევ. როდესაც ცნობილია ადგილი და კედელი მერე ვიწყებ ფიქრს, რა დავხატო“

გვითხრა დავით სამხარაძემ, რომელმაც მედეას ულამაზესი პორტრეტი კოლხეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქს აჩუქა. დავითმა კიდევ ერთი ნამუშევარი რუსთავშიც შექმნა და მთლიანობაში, ქუჩის ხელოვნებაში ჩართვის საინტერესო გამოცდილება და ახალი ემოციები შეიძინა: 

„ხატვის პროცესში განსაკუთრებით ხვდები, რომ ადამიანებს ძალიან უხარიათ, როცა გხედავენ, რომ ხატავ. ისეთ რაღაცას ხედავენ, რაც ალბათ არასდროს, ან ძალიან იშვიათად უნახავთ და სიამოვნებას იღებენ. ჩნდება ახალი, ლამაზი ადგილები, რაც ხალხზეც და რეგიონებზეც მოქმედებს. ძალიან პოზიტიური მომენტია ჩემი აზრით“, გვიყვება დავით სამხარაძე.     

მედეასთან ერთად, ფოთს სახსოვრად ზუგდიდელი აქტივისტის, როსტოს ნამუშევარიც დარჩა, რომელმაც თავისი მრავალფეროვანი სიმბოლიკით ნიკო ნიკოლაძისეულ, ახლა ცოტა მივიწყებულ ქალაქში თავისუფლების განწყობა დაატრიალა.

როსტო, ფოთი

მკვეთრი ფერების დინამიკა, გაცხარებული მუშაობა, სოციალური საკითხები, ძლიერი ქალების თემატიკა დატრიალდა, თავის მხრივ, ქუთაისში, სადაც „ნიკომ“ გამოცდილი მხატვრები მიიწვია: გამეზა და თინა ჩერტოვა.


ბათუმში ჩასული „ნიკოს“ ამწეებზე კი უკვე არა მარტო ადგილობროვი, არამედ სხვა ქვეყნებიდან სპეციალურად ამ პროექტისთვის საქართველოში ჩამოსული უცხოელი არტისტებიც ავიდნენ.

გერმანელმა არტისტმა - მატიას მაზალ გიუნტერმა ბათუმის კედელზე მაროკოელი მეურმე გააცოცხლა. 

Matthias, ბათუმი

საინტერესოა, რომ წელს „ნიკოს“ ფესტივალში გერმანიის საელჩოც ერთ-ერთი მხარდამჭერის სახით ჩაერთო.“რაც იმის ნიშანია, რომ ნელ-ნელა შევძლებთ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასაც“, - ამბობს პროექტის დამფუძნებელი, სანდრო კვანტალიანი.

2019 წლის „ნიკოს“ ფესტივალში 3 გერმანელი არტისტი მონაწილეობს.


მატიასს - გამოცდილ და ენთუზიაზმით სავსე გერმანილ სტრიტარტისტს, ბათუმის მოხატვაში ადგილობრივი, ბათუმელი ხელოვანები შეუერთდნენ: იოსებ ჯორბენაძე და მარიამ რამიშვილი. 

„ვცდილობ, ჩემი შემოქმედებით ვიზუალური ხორცი შევასხა იდეებს, წუხილს, ბედნიერებას, პროტესტს და ყველაფერ იმას, რაც მნიშნელოვანია არა არსებობისთვის, არამედ სიცოცხლისთვის”, - უთხრა „ნიკოს“ ახალგაზრდა არტისტმა მარიამ რამიშვილმა. 

მარიამ რამიშვილი, ბათუმი

სანდრო კვანტალიანი: „ძალიან საინტერესოა ყოველთვის დასავლეთ საქართველოში მოგზაურობა და იქაური ხალხის გაცნობა, ერთი დიდი სიამოვნებაა ეს ჩემთვის და თითეული გუნდის წევრისთვის. ძალიან მაგარია, რომ ხედავ როგორ გიყურებენ და გეურთიერთებიან. უამრავი მეგობარი გავიჩინეთ და ძალიან გავერთეთ. ჩემზე რომ იყოს სულ ასე ვივლიდი ქალაქ-ქალაქ და ნიკოს ნახატებს დავტოვებდით გზადაგზა“. 

George Gamez, ქუთაისი

ვიდრე არტისტების ნაწილი დასავლეთ საქართველოში მეგობრებს იძენდა და მაროკოელ, თუ ძველ მითოლოგიურ პერსონაჟებს აცოცხლებდა, რუსთავის კედლებს ფაუნა დაეუფლა.

წითელბიბილოიანი მამალი. ფერადი სპილო. ტუკანი - ისინი, შეიძლება, მალე რუსთავის სიმბოლოებშიც ჩაეწერონ.


ქართველი არტისტი დანტე წელს „ნიკოში“ სწორედ ამ ინდუსტრიული ქალაქის მოხატვით ჩაერთო. ის არის ახალი რუსთაველი ტუკანის შემქმნელი. 

„ნახატის თემა კედლიდან გამომდინარე მოვიფიქრე, მუსიკალური სასწავლებლის კედელია… ვცდილობ სულ ფაუნის წარმომადგენლები დავხატო“, - ამბობს დანტე. 

მისთვის „ნიკო“, როგორც წამოწყება, პირველ რიგში, „ხატვის პოპულარიზაციის ამბავია“.

„მგონია, რომ მეტი ახალგაზრდა დაიწყებს ხატვას და აზრის გამოხატვას ამ ფორმით. ასევე - ვიზუალური მხარე: ეს ნახატები, ალბათ, უფრო ამსუბუქებს და ფერადს ხდის ამ ბეტონის ჯუნგლებს“, - ამბობს დანტე. 

დანტე, რუსთავი

სანდრო კვანტალიანი გვიხსნის, რომ იმას, თუ „ნიკოს“ ნებისმიერ ლოკაციაზე რა დაიხატება - მხოლოდ მხატვრები წყვეტენ. რაც შეეხება თვითონ მოძრაობას, ის თავის თავზე უფრო მხატვრების მობილიზაციას, საორგანოზაციო მხარეს, მათ შორის, ადგილების შერჩევას იღებს. ეს უკანასკნელი არც თუ ისე მარტივი თავსატეხი ყოფილა.

უსახურთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ადგილის შესარჩევად რაც შეიძლება დიდი მასშტაბურობა და საინტერესო განლაგებაა.


სწორედ ასეთი აღმოჩნდა მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაც: 5 მეტრამდე სიმაღლის და 11 მეტრამდე სიგანის, გალერეასავით მოწყობილი 15 ერთნაირი კედელი - სტრიტარტისტების ნამდვილი სამოთხე. მაღლივის მოსახატად ინიციატივით „ნიკოს“ სწორედ უნივერსიტეტიდან მიმართეს. თუმცა, ქუჩის ხელოვნების მოძრაობისთვის აქ მუშაობის დაწყება კიდევ ერთი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი: 

„ძალიან მკვდარი ადგილია საღამოდან დილამდე, ესეც რაღაც მუხტია - ნელ-ნელა ამ ადგილს ალტერნატიული თავშეყრის ადგილის როლი მიენიჭოს“ , ამბობს სანდრო კვანტალიანი.  

Matthias, რუსთავი

2019 წლის სექტემბრის სეზონიდან „ნიკო“ უკვე ახალი პროექტებით და იდეებით დაბრუნებას გეგმავს. ვნახოთ, სად გამოჩნდება „ნიკოს“ უკვე ნაცნობი, ფერადი სიახლეების მომასწავებელი ამწეები. 

ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი

ფოტოები: NIKO